понедельник, 6 апреля 2009 г.

ნეკრესი

ნეკრესი ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის რაიონში, სოფ. შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე მდებარეობს. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი-აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრისს იმთავითვე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე.

ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც, კერძოდ დიდოეთი. მონასტერში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს. პოეტ-დიაკონი მოსე XIX ს. და სხვა) სამწერლო ასპარეზზეც იღვწოდნენ.

 ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან ყველაზე უადრესია. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა კი VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. საკუთხეველი სამნაწილინი აქვს. გვერდითი მკლავები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. მეორე VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გ. ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას სამი მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. კომპლექსში შემავალი ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

 ნეკრესის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო და თვითმყოფადი კუთხის - კახეთის უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრი იყო.

.ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია: ნეკრესის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.85-86.

მოკლე ცნობა ნეკრესისი ხუროთმოძღვრული ანსამბლის(მთავარანგელოზთა გუმბათიანი ეკლესია, საეპისკოპოსო სასახლე, კოშკი, სატრაპეზო, ბერთა სენაკები, სამლოცველოები)შესახებ. მოხსენიებულნი არიან: აბიბოს ნეკრესელი, მღვდელმთავრები: იოანე ჯორჯაძე, დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ამბროსი მიქაძე, მღვდელმონაზონი იაკობი (მელაძე), მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ბ.პატარკაციშვილი. ტექსტს ახლავს მთავარანგელოზთა ეკლესიის ფოტო.

ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: ნეკრესი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.42.

ტაძრის კომპოზიციური წყობის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XVI. ნახ.9,10).

 [1] ს. ყუბანეიშვილი, «აბდულ-მესიანისა» ახლად აღმოჩენილი სტროფები, საქართვ. მეცნ. აკად. «მოამბე», ტ. V, № 8, 1944, წ., გვ. 849-854; მისივე, ამბროსი ნეკრესელი, «ლიტერატურული ძიებანი» III, გვ. 250-253.

ნეკრესში საეკლესიო შენობების გარდა სამოქალაქო დანიშნულების შენონებიცაა, მაგალითად, ორსართულიანი სასახლე თავისი პალატებით, რომელიც ალაზნის თვალწარმტაც ველს დაჰყურებს.

 ნეკრესის ეპარქია 1811 წელს გაუქმდა. მისი ბოლო ეპისკოპოსი იყო ამბროსი ნეკრესელი, რომელიც მთელი ოცი წელიწადი დაუღალავად იღწვოდა ეპარქიაში. იგი იყო დიდი მქადაგებელი. მრავალი მოღალატე, სამშობლოს გამცემი დაუყენებია კეთილ გზაზე ამბროსი ნეკრესელს. როდესაც გაღმა მხარის კახელი გლეხები ლეკდებოდნენ, მეუფე ამბროსი სასტიკად ამხელდა მათ. ამბროსი ნეკრესელმა მრავალი ენა იცოდა. მას ისტორიული ნაშრომებიც აქვს დაწერილი. კერძოდ, აღწერა საქართველოს ვითარება მე-18 -19 საუკუნეების მიჯნაზე: ლეკიანობა, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა, კრწანისის ბრძოლა, რუსეთთან შეერთება.

 ასეთია ისტორია ნეკრესისა, უძველესი ციხე-ქალაქისა, რომელიც დროთა განმავლობაში გამქრალა და მის ნაფუძვარზე ნეკრესის მონასტერი ამოზრდილა.